პროფესიის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც სამომავლო კარიერით კმაყოფილებასა და პიროვნულ ზრდას განაპირობებს. ამის გამო, თანამედროვე სამყაროში უამრავი შესაძლებლობა და სხვადასხვა პროფესია არსებობს, სწორი არჩევანის გაკეთება შეიძლება ძალიან რთული აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, ახლა იწყებთ მუშაობას, თუ კარიერული კუთხით ცვლილებას განიხილავთ, პროფესიის არჩევისას გასათვალისწინებელი არსებითი ფაქტორების სია, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ, შემდეგია:
- საკუთარი თავის შესწავლა
პირველ რიგში, სასურველია, დაიწყოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების, ინტერესებისა და ღირებულებების გამორკვევა. ამ კუთხით, განიხილეთ შემდეგი:
პიროვნული თვისებები: ინტროვერტი ხართ თუ ექსტრავერტი? ანალიტიკური თუ კრეატიული? პიროვნული მახასიათებლები ხშირად გვკარნახობს რომელ გარემოში ვიგრძნობთ თავს კარგად. მაგალითად, ექსტრავერტებს იტაცებთ საზოგადოებასთან ურთიერთობის ან გაყიდვებთან დაკავშირებული პროფესიები, ხოლო ინტროვერტები შეიძლება გამოირჩეოდნენ შემოქმედებით სფეროებსა და კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებში.
უნარები და ნიჭი: შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები. გიყვართ ციფრებთან ურთიერთობა? გაქვთ ძლიერი კომუნიკაციის უნარი? თქვენი ბუნებრივი ნიჭის იდენტიფიცირება დაგეხმარებათ ისეთი პროფესია იპოვოთ, რომელიც თქვენს ძლიერ მხარეებს შეესაბამება.
ინტერესები: იქნება ეს ტექნოლოგიებზე მუშაობა, ადამიანების დახმარება თუ ბუნებაში ყოფნა, პროფესიის არჩევა, რომელიც თქვენს ინტერესებს შეესაბამება, ხშირად წარმატებული კარიერის უტყუარი საწყისია.
ღირებულებები: თქვენი პირადი ფასეულობები გადამწყვეტი ფაქტორია იმისა, თუ რამდენად თავსებადი იქნება სამსახური თქვენს პიროვნებასთან. თქვენს ღირებულებებსა და სამუშაოს შორის შეუსაბამობამ, დროთა განმავლობაში, შეიძლება უკმაყოფილება და სტრესი გამოიწვიოს.
- კარიერული შესაძლებლობების კვლევა
მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს მკაფიოდ შეისწავლით, შემდეგი ნაბიჯი პროფესიების კვლევაა.
ინდუსტრიის კვლევა: გამოიკვლიეთ სხვადასხვა ინდუსტრია, როგორიცაა მაგალითად, ხელოვნება, ჯანდაცვა, ტექნოლოგია, განათლება ან ფინანსები. მოძებნეთ სფეროები, რომლებზე მოთხოვნაც იზრდება ან მომავალში სავარაუდოა, რომ გაიზრდება, რადგან მსგავსი პროფესიები დასაქმების ალბათობას და წინსვლის შესაძლებლობებს ზრდის.
სამუშაო როლები: თუ გაინტერესებთ ჯანდაცვა, იფიქრეთ იმაზე, გსურთ თუ არა იმუშაოთ ექიმად, მედდად ან ჯანდაცვის ადმინისტრატორად. თითოეული როლი მოითხოვს განსხვავებულ უნარებს, განათლების დონეს და გთავაზობთ განსხვავებულ სამუშაო პირობებს.
სტაჟირება: თუ შესაძლებელია, სცადეთ “job shadowing” ან სტაჟირება. ეს გაძლევთ პრაქტიკულ გამოცდილებას და წარმოდგენას გიქმნით იმის შესახებ, თუ რეალურად რას გულისხმობს კონკრეტული პროფესია ყოველდღიურობაში, რაც დაგეხმარებათ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
გაეცანით სამუშაოს აღწერილობებს: დაწვრილებით შეისწავლეთ სამუშაოს აღწერილობები თქვენთვის საინტერესო პოზიციებისთვის. მოძებნეთ მოთხოვნები განათლების, უნარებისა და გამოცდილების თვალსაზრისით. ამ გზით გაიგებთ, თუ რას ელიან დამსაქმებლები თქვენგან.
- განათლება და ტრენინგები
სხვადასხვა პროფესია სხვადასხვა დონის განათლებას და მომზადებას მოითხოვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, იცოდეთ რა ტიპის კვალიფიკაციაა საჭირო.
უმაღლესი განათლება: ხშირად, კოლეჯის ხარისხი ან სპეციალიზებული ტრენინგი დასაქმებისათვის აუცილებელი კომპონენტია. მაგალითად, იმისათვის, რომ იურისტი ან ექიმი გახდე, რამდენიმეწლიანი განათლება და ლიცენზირებაა საჭირო.
სერტიფიკატები: ზოგიერთი პროფესია განათლების სრულ ხარისხს სულაც არ მოითხოვს, არამედ საკმარისია ვალიდური და სანდო ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატებიც. სფეროები, როგორიცაა IT, დიზაინი ან პროექტის მენეჯმენტი, ხშირად მხოლოდ კონკრეტულ სფეროებში გამოცდილების მაჩვენებელ დოკუმენტს ითხოვს.
შეგირდობა: გარკვეულ პროფესიებში, განსაკუთრებით ისეთ პროფესიებში, როგორიცაა სანტექნიკა, დურგალი ან ელექტრიკოსი, შეგირდობა პირდაპირი გზაა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და სამუშაოს მოსაპოვებლად.
- სამუშაო ბაზრის ტენდენციები
სამუშაო ბაზრის ტენდენციების გააზრება აუცილებელია ზრდის პოტენციალის მქონე პროფესიის არჩევისთვის.
მოთხოვნა: მოძებნეთ ინდუსტრიები და როლები ბაზარზე მზარდი მოთხოვნით. მაგალითად, კარიერული შესაძლებლობები ჯანდაცვის, განახლებადი ენერგიისა და ტექნოლოგიების სფეროში, სავარაუდოდ, უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაფართოვდება.
გეოგრაფიული მდებარეობა: ზოგიერთ პროფესია უფრო მოთხოვნადია კონკრეტულ რეგიონებში. შესაბამისად, თუ მზად ხართ საცხოვრებლის ცვლილებისთვის, ამან შეიძლება მეტი შესაძლებლობა გაგიხსნათ.
ავტომატიზაცია და ტექნოლოგია: იფიქრეთ იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ავტომატიზაციამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ გარკვეულ პროფესიებზე. სამუშაო პოზიციები წარმოებაში, მომხმარებელთა მომსახურებასა და ადმინისტრაციულ სფეროებში ბევრგან ავტომატიზაციით იცვლება. მეორეს მხრივ, ხელოვნურ ინტელექტში, მონაცემთა ანალიზსა და კიბერუსაფრთხოებაში ადამიანურ რესურსზე მზარდი მოთხოვნაა.